სტატიები
ცისტიტი

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და უყურადღებოდ ტოვებენ, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს. რატომ უნდა მივმართოთ დროულად ექიმს ან როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე გართულებები

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად – მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია. იგი გვხვდება ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანებთან, უმთავრესად ქალებთან, რაც მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. კერძოდ, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან. მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია. მათთან ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესთანაა დაკავშირებული.

 შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, უმეტესად მას იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები. შარდის ბუშტში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმლიდან, მცირე მენჯის ორგანოებიდან ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით და გავრცელდეს. ხშირად ინფიცირება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ან მისი ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს ხდება. თუმცა მიკრობის შეჭრა არ არის საკმარისი ანთებითი პროცესის განსავითარებლად – ამას ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლაბილურობაც (ადვილად შეღწევადობა) ინფექციის მიმართ, მაგალითად, შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება, კენჭი, უცხო სხეული, სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, დიაბეტი, ავიტამინოზი, ალერგიული ფონი.

 მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს გამოხატულია სამი ძირითადი ნიშანი:

  • გახშირებული შარდვა(პოლაკიურია);
  • გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (დიზურია);
  • შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობა.

მწვავე ცისტიტი, ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ავადმყოფი უჩივის:

 

- შარდის ბუშტის საპროექციო (გასასინჯ) არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან მის შემდეგ; ხშირად ტკივილი ჭინთვითია და შარდის უკანასკნელ წვეთებს შეიძლება სისხლიც გამოჰყვეს;

- დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოშარდვის შემდეგ;

- მღვრიე შარდს, რაც მასში დიდი რაოდენობის ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიებისა და ეპითელიუმის უჯრედების არსებობითაა გამოწვეული.

იშვიათად ცისტიტი მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის მომატებით. თუ პროცესს თან ახლავს მაღალი სიცხე და შემცივნება, ეს მიუთითებს ანთებითი პროცესის თირკმელში გავრცელებაზე .

ექიმები გვირჩევენ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩავიტაროთ, რათა დაავადების ფარული პროგრესი არ გამოგეპაროთ.. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კვირის ნებისმიერ დღესაა შესაძლებელი გინეკოლოგთან ვიზიტი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად წინასწარ დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 2 29 00 66; 2 29 47 47. ან მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO