რისი გაგება შეიძლება შარდის საერთო ანალიზით

 შარდის ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა სიმპტომების და ნიშნების მიზეზების კვლევისთვის. ის ძირითადად წარმოდგენას გვიქმნის თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე და შარდ-სასქესო სისტემებში  ანთებითი პროცესების შესახებ.

რის გაგება შეიძლება შარდის საერთო ანალიზით?

 საერთო ანალიზით ფასდება შარდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები და მისი ნალექი. შარდის ფიზიკურ თვისებებს განეკუთვნება რაოდენობა, ფერი, სუნი, რეაქცია, ხვედრითი წონა. თითოეულ ამ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.

 შარდის ფერს მასში გახსნილი პიგმენტები - ურობილინი და უროქრომი აძლევს. ნორმალური შარდი ყვითელია. მის ფერზე გავლენას ახდენს საკვები (მაგალითად, ჭარხალი) და ზოგიერთი მედიკამენტი. შარდი ფერს იცლის ზოგიერთი პათოლოგიის დროსაც. თუ ის წითელია და მღვრიე, სავარაუდოა სისხლდენა შარდის ბუშტიდან და შარდსადინარიდან; თუ წითელია და გამჭვირვალე - თირკმლებიდან; ბილირუბინის არსებობისას შარდი მუქი ლუდის ფერია, მოყვითალო - მოთეთრო და მღვრიე შესახედაობა კი შარდში ბაქტერიებისა და ლეიკოციტების არსებობაზე მიანიშნებს.

 ინფორმაციულია სუნიც -  ნორმალურ შარდს სპეციფიკური სუნი აქვს. სიდამპლის მძაფრი სუნი მასში ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობასა და, შესაბამისად, ანთებით პროცესზე მიუთითებს. კეტონური სხეულები შარდს აცეტონის სუნს აძლევს.

  შარდის ხვედრითი წონა დამოკიდებულია მასში გახსნილ და შეწონილ ნივთიერებებზე. მაგალითად, გლუკოზის არსებობა ზრდის ხვედრით წონას, თირკმლის მიერ კონცენტრაციის უნარის დაკარგვისას კი ის მკვეთრად მცირდება.

საერთო ანალიზით ფასდება შარდის რეაქციაც. ნორმალური შარდის რეაქცია სუსტი ტუტედან სუსტ მჟავამდეა. მცენარეული საკვები ტუტიანობის მატებას იწვევს, ცილოვანი კი- მჟავიანობისას. ძლიერი მჟავა რეაქცია გვხვდება დიაბეტის , თირკმლისა და შარდის ბუშტის ტუბერკულოზის, შარდში კეტონური სხეულების არსებობის დროს. ტუტე რეაქცია დამახასიათებელია შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადებებისა და ჰემატურიისთვის.

 



 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO