სისხლის საერთო ანალიზი

 

სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.

სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:

 

·         ერითროციტების რაოდენობას,

·         ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს),

·         ჰემოგლობინის შემცველობას,

·         ჰემატოკრიტს,

·         ლეიკოციტების რაოდენობას,

·         ლეიკოციტურ ფორმულას.

 

აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ. ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან. მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებენ. ერითროციტების ნაკლებობა ანემიის დროს ვითარდება. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. არც ერითროციტების  რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი - ეს ე. წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების - კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, რკინის, ცილის, ვიტამინის დეფიციტის შედეგად განვითარებული ანემიის, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირების დროს.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO