მენსტრუალური ციკლის დარღვევები

 მენსტრუაცია არის ყოველთვიური ხანმოკლე სისხლდენა საშვილოსნოდან. მენსტრუალური ფუნქცია იწყება 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკში. მენსტრუალური ციკლი თავდაპირველად შესაძლოა არარეგულარული იყოს, მაგრამ შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. რიტმული ცვლილებები ქალის ყველა ორგანოსა და სისტემაში ხდება, მაგრამ ყველაზე აშკარად სასქესო ორგანოებშია გამოხატული. ამ ცვლილებებს ეწოდება მენსტრუალური ციკლი. მისი ხანგრძლივობა ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28-დღიანია. მენსტრუალური სისხლდენა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. მენსტრუალური სისხლი უფრო მუქია, ვიდრე სისხლძარღვებში მოცირკულირე. ის არ დედდება, რაც მასში კრემენტების არსებობით აიხსნება. ასაკთან ერთად მენსტრუალური ციკლი არარეგულარულ ხასიათს იღებს. ციკლის ხანგრძლივობა, გამოყოფილი სისხლის რაოდენობა და სხვა თავისებურებანი შესაძლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიცვალოს.

   მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმის სქესობრივი მომწიფება, მისი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (კერძოდ, საკვერცხეების) ფუნქციობა და, საზოგადოდ, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, გადატანილ და მიმდინარე დაავადებებს. ისიც ცნობილია, რომ ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის, სახელდობრ, მისი უმაღლესი ნაწილის - თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის მდგომარეობასთან. დამადასტურებლად საკმარისია `ომის ამენორეა~ - მენსტრუაციის სრული უქონლობა, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ომის პერიოდში ძლიერი ფსიქიკური სტრესის ფონზე განუვითარდა.

 მენსტრუალური ციკლის დარღვევის ნიშნები :

  •  მკერდის ზრდის დაწყებიდან 3 წლის მანძილზე მენსტრუაციის არ ქონა;
  • მენსტრუაციასთან ერთად სხვა სქესობრივი მომწიფების ნიშნების არქონა 13 წლის ასაკში;
  • 14 წლის ასაკში მენსტრუაციის არქონასთან ერთად სასქესო გზების დაავადებები;
  • უკვე დამადგარი მესტრუალური ციკლის დარღვევები 2 წლის მანძილზე;
  • მენსტრუალური ციკლი 21 დღესზე ნაკლებია;
  • მენსტრუალური ციკლი 45 დღეზე მეტია;
  • მენსტრუაცია 90 ან მეტდღიანი ინტერვალით ხდება;
  • მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს გრძელდება;
  • ზედმეტად ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც ტამპონისა თუ საფენის ხშრ ცვლას საჭიროებს.

  მენსტრუალური ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: 

ჰიპომენორეა -  მწირი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს ცოტა სისხლი გამოიყოფა; თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ;


ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; 


პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება;

 მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული; შესაძლოა გახანგრძლივდეს საკუთრივ მენსტრუაცია; 


დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია.

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO