მედიკამენტოზური აბორტი

მედიკამენტოზური აბორტი არასასურველი ორსულობის სპეციალური ჰორმონული პრეპარატების გამოყენებით შეწყვეტაა. მისი გაკეთება ორსულობის მხოლოდ 7 კვირამდე შეიძლება. მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობა ისაა, რომ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. აბორტის პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივი მენსტრუალური ციკლივით. მედიკამენტოზური აბორტი აუცილებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ექიმისგან დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღება სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება! ძალიან ბევრი ქალი სხვადასხვა მიზეზით თვითნებურად სვამს მედიკამენტებს ორსულობის შეწყვეტის მიზნით, რაც დაუშვებელია! როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიკამენტოზური აბორტი სისხლდენით მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს და პაციენტს აღენიშნებოდეს ძლიერი ტკივილი. სისხლის ინტენსივობა უნდა კონტროლდებოდეს.

პრეპარატის მიცემამდე ექიმი განსაზღვრავს ორსულობის ვადას და ადგენს უკუჩვენებებს. თუ ეს უკანასკნელი არ არსებობს, მაშინ ორსული იღებს აბს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტს შეუძლია, სახლში წავიდეს. პრეპარატის მოქმედება ვლინდება სისხლდენაში, რომელიც მენსტრუაციის მსგავსაც მიმდინარეობს. იგი 9-12 დღის განმავლობაში გრძელდება. სისხლიანი გამონადენი ლაქების სახით შეიძება შემდეგ მენსრუაციამდეც კი გაგრძელდეს. აუცილებელია პერიოდული კონსულტაციები ექიმთან, რათა რაიმე სახის გართულება არ დარჩეს ყურადღების მიღმა. მესამე ვიზიტისას პაციენტი ხელახლა გადის ექოსკოპიურ გამოკვლევას რომ არ მოხდეს საშვილოსნოში ემბრიონის რაიმე ნაწილის ჩარჩენა.

მედიკამენტური აბორტიდან ორი კვირის განმავლობაში კატეგორიულად აკრძალულია:

ფიზიკური აქტივობა, გაცივება ან გადახურება, აბაზანის მიღება ან აუზში ცურვა. ქალმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს პირადი ჰიგიენის დაცვას და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თავს ოდნავ შეუძლოდ იგრძნობს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

თუ ქალი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, მედიკამენტური აბორტი უსაფრთხოა. მისი საშუალებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შემდეგი პრობლემები, რაც, ჩვეულებრივ,  აბორტს მოჰყვება ხოლმე:

  • ინფექციური დაავადებები,
  • შეხორცებითი პროცესები,
  • ენდომეტრიტი;
  • მეორადი უნაყოფობა;
  • საშვილოსნოსმიერი სისხლდენა;
  • საშვილოსნოს კედლის დაზიანება;
  • მეზობლად მდებარე ორგანოების ტრავმა და ა.შ. 

მედიკამენტოზური აბორტის გაკეთება მიზანშეწონილია ორსულობის რაც შეიძლება ადრე პერიოდში - მაშინ, როდესაც ემბრიონი ჯერ კიდევ არაა მიმაგრებული საშვილოსნოს კედელზე მყარად. ასეთ შემთხვევებში პაციენტში ჰორმონალური ცვლილებები მინიმალურია.

მართალია, მედიკამენტოზური აბორტი სხვა მეთოდებთან შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ გართულებისგან დაზღვეული არავინაა. თუ ინტენსიური სისხლდენა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რასაც თანს გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე დაერთო, აუცილებლად უნდა მიმართონ სასწრაფო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში ორსულის სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს.    

 

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO