C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი  ინფექციური დაავადებაა,  რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება- ჰეპატიტი დაავადებას იწვევს C ჰეპატიტის  ვირუსი – HCV;  ვირუსი მცირე ზომის,  სფერული ფორმისაა და შეიცავს გენეტიკურ მასალას რნმ ის სახით, რომელიც გარსითაა დაფარული.

 

უმეტესად ვინ ავადდება C ვირუსული ჰეპატიტით?

C ჰეპატიტით უმეტესად ახალგაზრდები ავადდებიან, მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ ინფიცირების ასაკი თანდათან იმატებს. მთელ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს; ყოველწლიურად ინფიცირდება 3-4 მლნ კაცი. დაავადება გავრცელებულია ყველა ქვეყანაში, მაგრამ არათანაბრად.

 

სად და როგორ შეიძლება C ვირუსით ინფიცირება? 

ინფიცირების ძირითადი მექანიზმებია ჰემატოგენური, პარენტერალური (სისხლიდან). ინფიცირება შესაძლოა მოხდეს პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტებითაც, რომლებიც დაბინძურებულია ავადმყოფის ან ინფექციის მატარებლის ინფიცირებული სისხლით, აგრეთვე - სამართებლით, მანიკიურის საშუალებებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისითაც კი. მაგრამ, სტატისტიკურად, ინფიცირება უმეტესად საინექციო ნარკოტიკების საერთო შპრიცით შეყვანისას ხდება. ინფიცირების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა) დღეს იშვიათადაა  ინფიცირების მიზეზი - მისი წილი არ აღემატება 4%-ს. განვითარებულ ქვეყნებში C ვირუსით ინფიცირება სისხლის პრეპარატების გადასხმის, სამედიცინო პრეპარატის შეყვანისა თუ მასობრივი ვაქცინაციის დროს, ასევე - სტომატოლოგიურ კაბინეტში ნაკლებმოსალოდნელია. სამედიცინო მანიპულაციების დროს ინფიცირების რისკი წარმოიშობა, თუ უხეშად დაირღვა სანიტარიული ნორმები. ამ შემთხვევაში ინფიცირების ადგილად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კაბინეტი, სადაც სამედიცინო მანიპულაციები ტარდება. სამედიცინო პერსონალი შეიძლება დაინფიცირდეს სამსახურში (საავადმყოფოში, კლინიკაში) ტრავმირებისას და ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას. არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის დროს ზუსტი წყაროს დასახელება ჭირს. 

 

გადაეცემა თუ არა C ვირუსი სქესობრივი გზით?

დღეს მიიჩნევა, რომ სქესობრივი გზით C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით იშვიათია, ვიდრე B ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემა. ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას ინფექციის გადაცემის ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. შემთხვევითი კავშირებისა და მრავალი პარტნიორის ყოლის დროს იმატებს. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გადაცემას ორალური სექსი. რისკის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი კონტაქტის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. საზოგადოდ, სქესობრივი გზა არ არის C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა. ვირუსი ორგანიზმში უმეტესად ინფიცირებული სისხლით ხვდება. თუ ეჭვობთ, რომ სქესობრივი პარტნიორისგან დაინფიცირდით, დაფიქრდით, ხომ არ შეიძლებოდა, ეს სხვა გზით მომხდარიყო: ხომ არ სარგებლობს ვინმე თქვენი კბილის ჯაგრისით, მაკრატლით, სამართებლით, ხომ არ გაგიკეთებიათ სვირინგი, ხომ არ გამოგიყენებიათ საერთო ნემსი ნარტკოტიკის მოხმარებისას, ხომ არ გადაგიტანიათ ოპერაცია, სისხლის გადასხმა და ა.შ.

გადაედება თუ არა C ჰეპატიტი ჩვე­ულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს? 


C ჰეპატიტი არ გადაედება ჰა­ერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ნერწყვით), ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, საერთო ჭურჭლის ხმარებისას. თუ ინფექციის გადაცემა ყოფითი გზით მოხდა, სავარაუდოა ავადმყოფის ან მატარებლის სი­სხლთან კონტაქტი. C ვირუსით დაავადებულებსა და მის მატარებლ­ებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლების, მოვლის განსაკუთრებული პირობები მხოლოდ ინფექციის გამო, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში C ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.

 

რითი მკურნალობენ C ჰეპატიტს?  

გამწვავების დროს ზოგჯერ საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და თერაპიული ღონისძიებები. ინტერფერონი 1-3 თვის განმავლობაში გამოიყენება ქრონიკული ფორმების დროს (მაგალითად, რეკომბინანტული ალფა-2 ბ ინტერფერონი, ლიმფობლასტური ველფერონი). ინტერფერონს იყენებენ კომბინაციაში რიბავირინით უროდეზოქსიქოლის მჟავასთან ერთად. მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ფაქტორთა წყებაზე - ასაკზე, დაავადების ხანდაზმულობაზე და ა.შ. იყენებენ აგრეთვე თიმოზინ-ალფას როგორც იმუნომოდულატორს, ანტიოქსიდანტებს (ალფა-ტოკოფეროლს). ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინფიცირებულმა უნდა დაიცვას რამდენიმე წესი:
 

  •  არ გახდეს სისხლისა და ორგანოების დონორი;
  •  არ გამოიყენოს საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც შესაძლოა გადაცემის მიზეზად იქცეს (სამართებელი, ეპილატორი, კბილის ჯაგრისი და ძაფი, მანიკიურის ხელსაწყოები);
  • თუ დაშავდა, იმისთვის, რომ სისხლი გარეთ არ გამოვიდეს, ჭრილობებსა და ნაჭდევებზე დაიკრას პლასტირი.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO